ველის მითითება და ველის სახელის გარეშე ძებნა

ეს გზამკვლევი აღწერს საერთო წესებს, რომლითაც იწერება საძიებო ფრაზა GSS-ის პროდუქტებში. თითოეული პროდუქტისა და გვერდის კონკრეტული ველები, დასაშვები მნიშვნელობები და ჩადგმული ძებნის კავშირები იხილეთ შესაბამის გზამკვლევებში:

კონკრეტულ ველში საძებნელად დაწერეთ ველის სახელი, ორწერტილი და საძიებო მნიშვნელობა:

ველი: მნიშვნელობა

მაგალითად, თემა: ხელშეკრულება ეძებს მხოლოდ იმ ველში, რომელსაც მიმდინარე გვერდზე თემა ჰქვია. ველის სახელი ზუსტად უნდა ემთხვეოდეს გვერდზე არსებულ დასახელებას; ყველაზე მარტივია მისი არჩევა გაფართოებული ძებნის ფანჯრიდან.

ველის სახელის გარეშე ჩაწერილი ტექსტი არის ველის სახელის გარეშე ძებნა (საერთო ტექსტური ან რიცხვითი ძებნა ამ გვერდის ძირითად ველებში). თუ ორწერტილის წინ დაწერილი სიტყვა მიმდინარე გვერდის საძიებო ველების სიაში არ არსებობს, იგი ახალ ველს არ ხსნის: პირველი ცნობილი ველი:-ის წინ ასეთი ტექსტი რჩება ველის სახელის გარეშე ძებნაში, ხოლო ცნობილი ველი:-ის შემდეგ ეკუთვნის ამავე წინა ველის მნიშვნელობას.

რამდენიმე პირობის გაერთიანება

სხვადასხვა ველის პირობები ერთდროულად სრულდება - ეს არის „და“ წესი. მომდევნო სახელდებული ველის წინ სურვილისამებრ შეგიძლიათ დაწეროთ კავშირი და, and ან и (ორივე მხარეს შუალედით):

ველი ერთი: პირველი ველი ორი: მეორე
ველი ერთი: პირველი და ველი ორი: მეორე

ერთი ველის მნიშვნელობის შიგნით და, and და и დამოუკიდებელ მოთხოვნებს არ ყოფს და ჩვეულებრივი ტექსტია, ხოლო თუ ველის მნიშვნელობა სრულდება სიტყვით და, and ან и და მის შემდეგ ახალი ველი: იწყება, ეს მნიშვნელობა ბრჭყალებში მოაქციეთ.

ერთსა და იმავე ველში დასაშვები ალტერნატივები („ან“ პირობა) გამოყავით ან, or, или სიტყვით ან ვერტიკალური ხაზით |:

ველი: პირველი ან მეორე
ველი: პირველი | მეორე

ეს ნიშნავს „პირველი ან მეორე“ მხოლოდ ამ ერთი ველისთვის. სხვადასხვა ველებს შორის ან კავშირი და ფრჩხილებით აწყობილი ლოგიკური გამოსახულებები არ გამოიყენება: მაგალითად, სახელი: გიორგი ან სტატუსი: ახალი არ ნიშნავს „სახელია გიორგი ან სტატუსია ახალი“.

სიტყვები ან, or, или ალტერნატივების გამყოფად მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა ორივე მხარეს შუალედი აქვს: მაგალითად, ანანა ჩვეულებრივი ერთი სიტყვაა, ხოლო ან ანა - ალტერნატივების გამყოფი და მნიშვნელობა.

რიცხვითი მნიშვნელობა და შედარება

ჩვეულებრივ რიცხვით ველში ნიშნის გარეშე დაწერილი რიცხვი ზუსტ ტოლობას ნიშნავს, ამიტომ ეს ორი ჩანაწერი ერთნაირად მუშაობს:

ID: 67
ID: =67

გამონაკლისია ვებ-სუპერფინის ანგარიშთა გეგმისა და ბრუნვის დათვლადი თანხობრივი ველები (ნაშთი, თანხა, დებეტი, კრედიტი, საწყისი, ბოლო, ბრუნვა), სადაც მთავარ საძიებო ველში ხელით ჩაწერისას შედარების ოპერატორი უშუალოდ, შუალედის გარეშე უნდა მიეწეროს რიცხვს (ნაშთი: =100, დებეტი: >=100; იხილეთ ანგარიშთა გეგმის, საწყისი ნაშთებისა და ბრუნვის ძებნა).

რამდენიმე ზუსტი მნიშვნელობის მოსაძებნად ან დაწერეთ ორივე მხარეს შუალედით:

ID: =66 ან 67
ID: =66 ან =67

ორივე ჩანაწერი ნიშნავს „ID არის 66 ან 67“. ხოლო ID: =66 ან67 არასწორია - ან-ს მარჯვენა მხარეს შუალედი აკლია, რის გამოც ან67 რიცხვად ვერ იკითხება; ასეთ დროს პროგრამა ნაწილობრივ სწორ პირობას (=66) ცალკე არ ასრულებს და მთლიან ფრაზას ჩვეულებრივ საერთო ტექსტად ეძებს.

მხარდაჭერილი შედარების ოპერატორებია =, != (ან <>), >, >=, < და <=. ერთ ალტერნატივაში რამდენიმე საზღვრის მითითებისას (დიაპაზონისთვის) თითოეულ რიცხვს საკუთარი შედარების ნიშანი ეწერება, მაგალითად RS თანხა: >=100 <500.

რომელი შედარებებია დასაშვები, დამოკიდებულია კონკრეტულ ველზე:

  • მხოლოდ ზუსტი ტოლობის (=) ველები: მაგალითად, ვებ-სუპერფინის ანგარიშთა გეგმის ID და საბუთების ანგარიშ-ფაქტურის ID იღებს მხოლოდ ზუსტ მნიშვნელობას (ID: 42 ან ID: =42) და დიაპაზონს არ იყენებს;
  • ყველა შედარებისა და დიაპაზონის მხარდამჭერი ველები: თანხობრივი ველები, აგრეთვე ვებ-სუპერფინის საბუთების ID და სუპერფინის ID, RS ანგარიშ-ფაქტურების ID და RS ID იღებს როგორც ზუსტ ტოლობას, ისე უტოლობასა და დიაპაზონს (მაგალითად: ID: >=100 <200, RS ID: >=10000 <20000). კონტაქტების საძიებო ველების წესები იხილეთ გზამკვლევში კონტაქტების ძებნა.

ბრჭყალები და სპეციალური სიმბოლოების ჩაწერა

ორმაგი ("...") და ერთმაგი ('...') ბრჭყალები ერთ მთლიან მნიშვნელობას ერთიან საზღვარში აქცევს. ბრჭყალებში მოთავსებული ან, or, или, |, ორწერტილი, ველის სახელი და და / and / и გარე ფრაზის გამყოფად აღარ იკითხება:

თემა: "გადახდა ან ჩარიცხვა"
შენიშვნა: "კოდი: 42"

ბრჭყალები სიტყვების ზუსტ თანმიმდევრობასა და ერთმანეთის გვერდით დგომას არ ითხოვს (თუ კონკრეტული პროდუქტის გზამკვლევში სხვა რამ არ არის მითითებული) - მათი დანიშნულებაა ერთი მნიშვნელობის საზღვრის მონიშვნა. გახსნილი ბრჭყალი აუცილებლად უნდა დაიხუროს და მთლიან მნიშვნელობას ფარავდეს: სწორი ფორმაა თემა: "Alpha Beta" შესრულებული: კი, ხოლო თემა: "Alpha" Beta ერთი გამართული მნიშვნელობა არ არის.

ბრჭყალების შიგნით იმავე ბრჭყალის ან უკუღმა დახრილი ხაზის (\) ჩასაწერად გამოიყენება შემდეგი ფორმები:

გარე ბრჭყალი ჩანაწერი მნიშვნელობაში რჩება
"..." \" ან "" "
"..." \\ \
'...' \' ან '' '
'...' \\ \

მაგალითები:

შენიშვნა: "Alpha \"Beta\""
შენიშვნა: "Alpha ""Beta"""
დასახელება: 'O\'Brien'
დასახელება: 'O''Brien'

სხვა სპეციალური გარდაქმნები (\n, \t, \: ან \|) არ გამოიყენება და მეორე სახის ბრჭყალის წინ დაწერილი \-ც უცვლელად რჩება. ბრჭყალების გარეთ \ ჩვეულებრივი სიმბოლოა (მაგალითად, ვებ-სუპერფინის ანგარიშის იერარქიულ ნომერში 1410\001).

ჩადგმული ძებნის ზოგადი ფორმა

ზოგიერთ ველს შეუძლია დაკავშირებულ ჩანაწერში მოძებნოს მონაცემი (მაგალითად, საბუთიდან ანგარიშში და ანგარიშიდან კონტაქტში, ან კონტაქტიდან თანამშრომელში). ასეთ დროს გარე ველის მნიშვნელობაში ბრჭყალებში იწერება შიდა საძიებო ფრაზა:

გარე ველი: "შიდა ველი: მნიშვნელობა"

თუ შიდა ფრაზაში კიდევ ერთი ჩადგმული დონეა, გარე და შიდა დონეებზე გამოიყენეთ სხვადასხვა სახის ბრჭყალი:

გარე ველი: "შიდა ველი: 'უფრო შიდა ველი: მნიშვნელობა'"

მნიშვნელოვანი წესი ბრჭყალების შესახებ დაკავშირებულ ველებში:

  • ბრჭყალებში ჩასმული მნიშვნელობა ჩადგმულ ველებად იშლება მხოლოდ მაშინ, როცა შიგნით მითითებულია მინიმუმ ერთი ცნობილი შიდა ველი: (მაგალითად, კონტაქტი: "თანამდებობა: დირექტორი");
  • თუ ბრჭყალებში ჩვეულებრივი ტექსტია შიდა ველის სახელის გარეშე (მაგალითად, კონტაქტი: "შპს ალფა"), პროგრამა ბრჭყალებს ხსნის და ამ ტექსტს დაკავშირებული ჩანაწერის საერთო (ველის სახელის გარეშე) ველებში ეძებს;
  • ჩადგმული ძებნა მუშაობს მხოლოდ იმ ველებზე, რომლებსაც დაკავშირებული ჩანაწერი აქვთ - დეტალები იხილეთ შესაბამისი პროდუქტის გზამკვლევის ჩადგმული ძებნის სექციაში. გაფართოებული ძებნის ფანჯარა საჭირო ბრჭყალებს ავტომატურად აწყობს.

არასწორი მნიშვნელობა და რა არ მუშაობს ძებნაში

რა ხდება, როცა ცნობილ ველში მნიშვნელობა არასწორი ფორმატით წერია:

  • თუ პროგრამამ ველის სახელი ამოიცნო, მაგრამ მნიშვნელობა ამ ველის ტიპისთვის დაუშვებელია - მაგალითად: რიცხვით ველში წერია ტექსტი (ID: abc), მთელრიცხოვან ველში წერია ათწილადი, მხოლოდ ზუსტი ტოლობის ველში მითითებულია დიაპაზონი, ბრჭყალი დაუხურავია, დახურული ბრჭყალის შემდეგ ტექსტი გრძელდება, ველი:-ის შემდეგ მნიშვნელობა ცარიელია ან ან / |-ის რომელიმე მხარე ცარიელია - პროგრამა ნაწილობრივ სწორ ფილტრებს ჩუმად არ ასრულებს და მთლიან საძიებო სტრიქონს ეძებს როგორც ჩვეულებრივ საერთო ტექსტს (ველის სახელის გარეშე ძებნა);
  • ტექსტურ ველში მინიმალურ სიგრძეზე მოკლე სიტყვა ან მხოლოდ სასვენი ნიშნებისგან შედგენილი მნიშვნელობა თავად საძიებო ფრაზის ფორმატის შეცდომად არ ითვლება - ასეთ შემთხვევაში მოქმედებს შესაბამისი პროდუქტის გზამკვლევში აღწერილი წესი და შედეგი შეიძლება ცარიელი იყოს.

რას არ უნდა ველოდოთ საძიებო ფრაზაში:

  • *, %, _, ? და მსგავსი სიმბოლოები საძიებო ნიღბად (wildcard) არ გამოიყენება;
  • რეგულარული გამოსახულება (regex), არითმეტიკული ფორმულა (დებეტი - კრედიტი > 100) და ერთი ველის მნიშვნელობის მეორე ველთან შედარება (დებეტი > კრედიტი) არ სრულდება;
  • ტექსტის სიტყვების მინიმალური სიგრძე, თარიღებისა და ჩამონათვალის (კი/არა, სტატუსები, ტიპები) ზუსტი მნიშვნელობები განსაზღვრულია თითოეული პროდუქტის საკუთარ გზამკვლევში.